წმინდა სინოდი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე ვერ შეთანხმდა - 46 მღვდელმთავრიდან აზრი ორად გაიყო.
სანდო წყარო სინოდის სხდომიდან „კურიერს“ უყვება, რომ მღვდელმთავრების ნაწილი უკრაინის ეკლესიის რუსეთისგან გამოყოფას მხარს ღიად უჭერდა, თუმცა საბოლოოდ სინოდის წევრებმა გადაწყვიტეს ეს პროცესი გადაედოთ და მოვლენების განვითარებას დალოდებოდნენ. ამ პოზიციის მიუხედავად, ორმა მღვდელმთავარმა დღეს ანტირუსული და პროუკრაინული პოზიციას ღიად დააფიქსირა.
მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიის აღიარების დადგენილებას 6 იანვარს გამოსცემს. შობის წინა ღამეს საქართველოს საპატრიარქო აუცილებელი არჩევანის წინაშე დადგება, აღიაროს უკრაინული ეკლესია ან ცნოს რუსული ეკლესიის გავლენა უკრაინაზე.
თეოლოგები არ მალავენ, რომ საპატრიარქოში არსებობს ძალები, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა აქვს რუსულ ეკლესიას. სწორედ ამიტომ შიშობენ, არ გაანაწყენონ მოძმე მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელთანაც ლოცვის გარდა დიდი პოლიტიკა აერთიანებთ.
წმინდა სინოდის სხდომის ბოლოს, მღვდელმთავრებმა, გვერდი ვერც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯელობას აუარეს. ეს საკითხი დღის წესრიგში მეუფე პეტრემ დააყენა. ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სინოდს მისივე განჩინების შესრულება მოსთხოვა, სადაც წერია, რომ მამამ გიორგი მამალაძის საკითხის განხილვას საპატრიარქო სასამართლოს ბოლო ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდებოდა.
წმინდა სინოდმა შემდეგ სხდომა გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ შესაძლოა, ქართველ მღვდელმთავრებს საგანგებო შეკრება მოუწიოთ.