თბილისის 71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ დაკავებული პოზიციები დატოვეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ მათი გათავისუფლება ღონისძიების მიმდინარეობის დროს პიროტექნიკის გამოყენებას უკავშირდება.
ამასთან, ბაგა-ბაღების სააგენტოს განმარტებით, დირექტორის მოადგილე ბაგა-ბაღის დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა, აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ კი სამსახურის დატოვების შესახებ განცხადებები თავად დაწერეს.
შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთმა ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.
საქმეზე დაწყებულია მოკვლევა.