26 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
აფეთქება დიდ დიღომში - ადგილობრივებს ბინებიდან ნივთები მაშველების ზედამხედველობით გამოაქვთ

დიდ დიღომში, ავთანდილის 8 ნომერში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ ბინებში მაშველების ზედამხედველობით შედის. მათ სახლიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ.  

ადგილობრივ მცხოვრებლებს ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეძლებენ საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადასვლას. ისინი ექსპერტების შეფასებას ელოდებიან.

მათი ნაწილი ამჟამად სასტუმროებში არიან  გადაყვანილები, თუმცა როგორც ამბობენ, მათ დროებით ქირით გაიყვანენ. 

ტრაგედიის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, მეხანძრე-მაშველები, გამომძიებლები და ასევე ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.

გავრცელებული ცნობით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში ადგილზე მივა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები. ისინი ბინებში შევლენ და ზარალს შეისწავლიან.  

საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ კორპუსში სარემონტო და დასუფთავების სამუშაოები დაიწყება. 

„სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ იმ წუთასვე დაიწყება სარემონტო სამუშაოები და მერიის კონტრაქტორი კომპანიები სრულ მზადყოფნაში არიან. 12 ბინაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები დამთავრდა, ხვალიდან დაიწყება ფანჯრების მონტაჟის სამუშაოები, რაც შეეხება ბინის ქირასთან მიმართებაში, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი მცირეწლოვანი ბავშვია ამ ოჯახებში, იწყება სასწავლო პროცესი, აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ ბინის ქირის კომპენსაცია, რომელიც მერიის სარეზერვო ფონდიდან სრულად დაფინანსდება,“ - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები