26 აპრილი 2024,   23:48
ვრცლად
სამდღიანი ვადა ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისთვის - გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებენ  

გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან სავაჭრო ობიექტების გატანის ვადა სამ დღეში ეწურებათ. მოვაჭრეებმა მცხეთის მერიისგან საბოლოო გაფრთხილება დღეს მიიღეს. თუ 3 დღეში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო დახლებს თავად არ მოანგრევენ, მაშინ ზედამხედველობის სამსახური მათ სამუშაო ადგილებს იძულებით დაატოვებინებს.

სასულიერო პირის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ გარემოვაჭრეები. მათ დღეს ტაძრის წინამძღვრის, კონსტანტინე ჭინჭარაულის, გადადგომა მოითხოვეს და აქციები დაანონსეს.

თუ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა აიკრძალება, თვითდასაქმებულები აქციებს და გზის გადაკეტვას ააანონსებენ.

მოვაჭრეები ამტკიცებენ, რომ ჯვრის მონასტრის წინამძღვარი მათ ვაჭრობას საკუთარი ბიზნესინტერესების გამო უზღუდავს.

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების გაყვანის გადაწყვეტილება მცხეთის მერიამ წინამძღვართან დახურულ შეხვედრაზე მიიღო, რომელსაც სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

იღუმენმა კონსტანტინე ჭინჭარაულმა გარევაჭრობის სრულად შეწყვეტა და მოვაჭრეების გაყვანა მოითხოვა.

სასულიერო პირი ამბობს, რომ მერიამ მოვაჭრეები ჯვრის მონასტრისგან მოშორებით, ალტერნატიულ ადგილზე უნდა გადაიყვანოს. 

იღუმენის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მერიაში. თუმცა, წინამძღვრის ნების წინააღმდეგ მოვაჭრეებს საქმიანობის უფლებას არ აძლევენ.

მერი ამბობს, რომ იღუმენის უარი მისთვის გაუგებარია, რადგან მცხეთის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობა სხვა მონასტრების მიმდებარედაც ხდება. სავაჭრო დახლები, რომელიც ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ტურისტები არიან, არის სვეტიცხოველთანაც, თუმცა, მათი დემონტაჟი არავის მოუთხოვია.

იმ შემთხვევაში, თუ მერია წინამძღვრის მოთხოვნას შეასრულებს, გარემოვაჭრეები აქციებს გამართავენ. მაგრამ, თუ მუნიციპალიტეტი დახლებს არ გაიტანს, მაშინ არ არის გამორიცხული, იღუმენმა მონასტრის კარი ისევ დაკეტოს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები