09 მაისი 2024,   03:59
ვრცლად
"კონსპირაციულად თუ გვინდა შეხვედრა, არ შევიკრიბებით საჯაროდ" - გვრიტიშვილი მოსამართლეების და დეპუტატის სკვერში შეხვედრაზე

სკანდალური მოსამართლეები და მმართველი პარტიის დეპუტატის პირველი საჯარო სკოლის სკვერში შეხვედრას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი, არჩევანის ეთერში აფასებს.

მოსამართლისთვის კოლეგების და დეპუტატის შეხვედრასთან დაკავშირებული განმარტება სრულიად დამაჯერებელია, რადგან ამბობს, რომ მათ კოლეგას ოჯახის წევრი გარდაეცვალა.

ფოტოები, რომელიც სასამართლო სისტემის გავლენიანი მოსამართლეებისა და მმართველი პარტიის დეპუტატის არაფორმალურ შეხვედრას ასახავს, ტაბულამ გაავრცელა.

შეხვედრა ღამით პირველი საჯარო სკოლის სკვერში შედგა. თავშეყრის მიზეზებზე სასაუბროდ კონსპირაციული შეხვედრის არც ერთი მონაწილე დღეს კამერებთან აღარ გამოჩენილა. დეპუტატი ზარდიაშვილი კი სატელეფონო საუბარში ამტკიცებს, რომ 5-წუთიანი შეხვედრა შემთხვევითი იყო.

გვრიტიშვილი ამბობს, რომ სამძიმარზე წასასვლელად, ალბათ, მათ დეტალებზე საუბარი სურდათ.

„ეს ვერსია მეც სარწმუნოდ მეჩვენა იმიტომ, რომ მეც ვაპირებ სამძიმარზე მისვლას, ჩემს კოლეგასთან. რა კონსპირაციულ შეხვედრაზეა საუბარი, ყველას თვალწინ... კონსპირაციულად თუ გვინდა შეხვედრა, არ შევიკრიბებით საჯაროდ,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.

გვრიტიშვილს არ უკვირს მოსამართლეების და დეპუტატის შეხვედრა, რადგან მიხეილ ჩინჩალაძე და ვანო ზარდიაშვილი ნათელმირონები არიან.

გვრიტიშვილი ასევე, აკრიტიკებს დეპუტატებს ლევან გოგიჩაიშვილს და გედევან ფოფხაძეს.

მოსამართლის თქმით, ჰერითიჯის კვლევაში უარყოფითი შეფასებები დეპუტატების განცხადებებიდან გამომდინარეობს.

დღის ამბები