ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის მიმდინარე შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი ეხმაურება.
განხილვის მთავარ თემას ცილისწამებასა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებაა.
ქეთევან მახარაშვილის თქმით, პრეზიდენტს აინტერესებს მესამე სექტორის წარმომადგენლების პოზიცია ინიციატივასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს პრეზიდენტი პარლამენტს და მთავრობას წარუდგენს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პრობლემა არის და ეს პრობლემა არა მარტო საქართველოსია, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ბრიუსელში, ამ საკითხზე ევროკავშირის და ნატო-ს წარმომადგენლებმაც ისაუბრეს და ჩვენ გვინდა, რომ პირველ რიგში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან დავიწყოთ საუბარი ამ თემაზე, გამოვკვეთოთ, რა პრობლემებია, როგორ ხედავს ჩვენი საზოგადოება ამ პრობლემებს და როგორ ხედავს მათი გადაჭრის მექანიზმებს, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ალბათ, რომ რაღაც კონკრეტულ რეკომენდაციამდე მივიდეთ, რომლებიც შემდგომ უკვე საქართველოს პრეზიდენტის მიერ იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოსთან, მთავრობასთან. ჩვენი მხრიდან არანაირი ინიციატივა არ არსებობს, არც ფურცელზე დადებული, ჯერ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და ვიკვლევთ ამ საკითხზე როგორ მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და პარლამენტები,“ - განაცხადა ქეთევან მახარაშვილმა.
ათონელის რეზიდენციაში ასევე მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის რეზიდენციაში ვიზიტის მიზეზები არ განუმარტავს.