უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან პროცესებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლა - პოლიცია და დემონსტრანტები ახლა ერთმანეთის პირისპირ დგანან. ამ მომენტში მხარეებს შემხებლობა არ აქვთ - სამართალდამცველები ისევ მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. დააანონსეს ე.წ. მობილური პროტესტი.
"მათ თუ აქვთ იმის იმედი, რომ გაგვაჩერებენ, შეგვაშინებენ, სულ ტყუილად. ვერ გაგვაჩერებენ, ვერ შეგვაშინებენ. ერთი ქუჩიდან გაგვიშვებენ? მეორე ქუჩაზე გადავალთ. მეორე ქუჩიდან გაგვიშვებენ? მესამე ქუჩაზე გადავალთ. ვიქნებით ყველგან, ვიქნებით 24 საათის განმავლობაში. არ შევდივართ სახლში, ვართ გარეთ, ვართ გამარჯვებულ ხალხთან ერთად და აუცილებლად ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე", - აცხადებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ პროტესტის მიზანია ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეში.
"მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტია არ არის ორგანიზებაში ჩართული, მშვიდობიან პროტესტში ვმონაწილეობთ. გარდა საპროტესტო გამოსვლებისა, მათ შორის სამართლებრივ ბრძოლას თუ დიპლომატიურ ფრონტზე მხარდაჭერის გაძლიერებაში ჩვენ ჩვენ წვლილს შევიტანთ, რათა ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ სივრცეში, საიდანაც ის ივანიშვილმა გაიყვანა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ავტორი: ნანა გოგატაძე