საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს, რათა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს.
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაკავებულია კადრების გამავრცელებელთა გარკვეული ჯგუფი, შს სამინისტრო გამოძიებას არ წყვეტს.
„ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დადგინდეს აბსოლუტური ჭეშმარიტება ამ საქმეზე და ყველა პირმა სრული სიმკაცრით აგოს პასუხი,“-ამბობს ოხანაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები წინა წლებში არალეგალურად ვრცელდებოდა. მისი თქმით, ამ კადრების დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა.
„წინა ხელისუფლების მხრიდან ამ ჩანაწერების დამზადება ეს იყო სირცხვილი, ეს იყო დანაშაული და საფრთხე მომავლისთვის, ვინაიდან ეს ინფორმაცია არალეგალური წყაროებით ვრცელდებოდა, ეს ინფორმაცია არალეგალურად ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს შენახული. არავითარი უსაფრთხოების სტანდარტი ამ ინფორმაციებთან მიმართებაში არ შეიძლება დაცული ყოფილიყო. ეს არის სწორედ ამ დანაშაულის მთელი სიმძიმე, რომ წინა ხელისუფლებამ შექმნა ისეთი უკანონო მასალები, რომ ეს მომავალ წლებში საფრთხეს წარმოადგენდა,“-განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებს, ისინი საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც "ამ სიბინძურის" გავრცელებაში მონაწილეობდა.