მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევის სკანდალურ განცხადებას, სადაც სასულიერო პირი საქართველოს ეკლესიას დაემუქრა, ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. პოლიტიკოსების შეფასებით, სასულიერო პირის მუქარა გაგებული უნდა იყოს, როგორც მუქარა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. ოპოზიციის წევრების თქმით, რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის.
„საქართველოს ეკლესია 8 საუკუნით უფრო დიდი ხანია, არსებობს, ვიდრე მოსკოვის საპატრიარქო. ამიტომ სჯობს, თავის საქმეს მიხედოს. რაც შეეხება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას, როდის ცნობს, საქართველოს ეკლესია. ეს ჩვენი ეკლესიის, უწმინდესის, სინოდის და მრევლის გადასაწყვეტია და როგორმე ბატონი ალფეევის გარეშე გადავწყვეტთ ამ საქმეს. მათ შორის ილარიონ ალფეევი არის იმის მიზეზი, რომ რუსეთთან არც საგარეო პოლიტიკური და არც საეკლესიო კავშირი აღარ უნდა არცერთ მეზობელს იმიტომ, რომ მას ეშლება. 21-ე საუკუნეა და რუსული იმპერიალიზმი, რა ხასიათსაც არ უნდა ატარებდეს ის, სამხედროს, ეკლესიურს თუ შიდა პოლიტიკურს, ყველას ყელში ამოუვიდა,“- განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მკაფიო პოზიცია უნდა დააფიქსიროს.
„რუსეთში ეკლესია და სახელმწიფო არ არის გამიჯნული, ამიტომ ეს განცხადება უნდა გავიგოთ, როგორც ოკუპანტის განცხადება, რომელსაც ფიზიკურადაც აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ასევე საეკლესიო თვალსაზრისით ეს ტერიტორიები უკვე ოკუპირებულია. ეს არის მცდელობა, რომ არ გადავდგათ ჩვენ ის ნაბიჯი, რაც საქართველოს სჭირდება. ამიტომ ჩვენ მთავრობას მოვუწოდებთ, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვშია. ორი მღვდელმთავარი და ერთი დეკანოზი რუსეთის პატრიარქის ინტრონიზაციის მეათე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილებს. ამავე შეხვედრაზე მეუფე ანდრია გვაზავასთან და ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგათან ერთად, იმყოფებოდა მიტროპოლიტი ილარიონი ალფეევი. სწორედ ის სასულიერო პირი, რომელიც საქართველოს ეკლესიას დაემუქრა.