19 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
საქართველოს პატრიარქი და მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას აირჩევს - ეკა ბესელია უკრაინის ავტოკეფალიაზე 

მმართველი გუნდის დეპუტატი, ეკა ბესელია მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სასულიერო პირი საქართველოს ეკლესიას დაემუქრა. ბესელიას თქმით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისგან მსგავსი ტიპის გზავნილები გასაკვირი არ არის.

დეპუტატისთვის არც ის არის გასაკვირი, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას დააფიქსირებს.  

„ყოველთვის გრძნობდა ჩვენი მეზობელი ქვეყანა და მეგობარი ქვეყანა, უკრაინა ჩვენს მხარდაჭერას. ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი გასაგებია, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, ეს არის ასევე ძალიან მგრძნობიარე საკითხი და მე არ მიკვირს, რომ საქართველოს საპატრიარქო და აქართველოს საპატრიარქოს სულიერი წინამძღოლი, მისი უწმინდესობა ასე ფიქრობს და ძალიან ფრთხილად ეკიდება ამ საკითხს. მისი უწმინდესობის სრული ნდობა მაქვს. ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი ქვეყნის ამ აგრესიის და იერიშის. ეს არ მიკვირს, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პატრიარქი და მართლმადიდებელი ეკლესია გონივრულ და სახელმწიფოებრივ პოზიციას აირჩევს,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერა, წარმოუდგენლად მიაჩნია.

მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან საუბარში  განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და იციან, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

ამავე თემაზე
დღის ამბები