19 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
კანონი ცილისწამების შესახებ - პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან შეხვედრა მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დატოვა

შეხვედრა პრეზიდენტთან - არასამთავრობო სექტორმა ვერ გაიგო, რისთვის დაიბარა ისინი სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე, რომელიც ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა. შეხვედრაზე ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ, თუმცა მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, პრეზიდენტმა დარბაზი დატოვა.

თავიდან დაანონსებული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს ცილისწამების და დეზინფორმაციის შეზღუდვასთან დაკავშირებით მესამე სექტორის პოზიცია უნდა მოესმინა. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარისთვის, სულხან სალაძისთვის გაუგებარია დღევანდელი შეხვედრის არსი, რადგან მისი თქმით, მთავარ კითხვაზე მათ პასუხი ვერ მიიღეს.

„სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ ამ ტიპის შეხვედრების გაგრძელების არს, ვინაიდან ვერ გავიგე მთავარ კითხვაზე პასუხი, თუ რა მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ლეღვის ნახარშის თემიდან დაწყებული ლუგარის ლაბორატორიით დასრულებული და იმდენად დიდია დიაპაზონი და იმდენად ბევრი თემა შეიძლება იყრიდეს ამ ორ თემას შორის შუაში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია რეალურად ვიდისკუსიოთ იმაზე თუ რა ტიპის ცვლილებები გვჭირდება,“ - ამბობს სალაძე.

შეხვედრის ფორმატი გაუგებარი აღმოჩნდა ასევე "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორის, ნატა ძველიშვილისთვისაც. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მესამე სექტორის მხრიდან ელოდა იდეებს, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ინიციატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არ ყოფილან.

„არაფერი კონკრეტული ამ შეხვედრიდან არ გაგვიგია გარდა იმისა, რომ არ მოხდება ამ ცილისწამების გამო ვინმეს ციხეში წასვლა, ანუ გამკაცრება სისხლის სამართლის მიმართულებით არ იგულისხმება მათ ინიციატივაში. მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების იმ ძალიან მაღალ სტანდარტს, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ამ ორი ძირითადი მესიჯის გარდა, სიმართლე, რომ გითხრათ, მე პირადად ახალი ვერაფერი გავიგე ამ შეხვედრიდან და ცოტა უცნაური ფორმატი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ისინი ელოდებოდნენ ჩვენგან მოსაზრებებს, თუმცა, ჩვენ არ ვიცოდით რაზე გამოგვეთქვა მოსაზრებები, იმიტომ, რომ ინიციატივა ჩვენგან არ წამოსულა,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

დღის ამბები