19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ეკა ბესელიამ შსს-ს ის ჯგუფი დაუსახელა, ვინც სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან დგას

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე ეკა ბესელიამ იმ პირთა წრე დაასახელა, ვინც სავარაუდოდ, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა. ბესელია გიორგი გახარიასგან ელოდება, როდის მიანიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი მას დაზარალებულის სტატუსს.

ეკა ბესელიას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თუმცა მიანიშნა, თუ ვინ დგას მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ბინძური წესებით ყოფილი ხელისუფლებიდან „ქართულ ოცნებაში“ პორტირებულები ან სასამართლოს კლანი ებრძვის. სავარაუდოდ, ეკა ბესელია პორტირებულებში დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს გულისხმობდა, მაგრამ მას უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დაურღვევია და ზარდიაშვილის გვარი არ დაუსახელებია.

როგორ მოხვდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამავრცელებლების ხელში - ეკა ბესელიამ სამი გზა დაასახელა - ყოფილი ხელისუფლება, სასამართლო ან პროკურატურა. სისხლის სამართლის საქმეებში, რომელიც 2016 წელს ბესელიას პირადი ცხოვრების ვიდეოკადრების გასაჯაროების გამო აღიძრა, მტკიცებულებად კადრები თავიდანვე ჩადეს. ამ საქმეზე კი წვდომა მხოლოდ პროკურორებს და მოსამართლეებს აქვთ.

დღის ბოლო ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასლის გავრცელების გამო, სკანდალში გაეხვა პარტია „ქართლი ოცნება.“ მიმოწერით, რომელიც სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელმა და გიგი უგულავამ გამოაქვეყნეს, დგინდება, რომ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯომარე ღიად ითხოვდა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მისთვის გადაგზავნას. ამ თემაზე გრიგოლ ვეფხვაძეს ღია მიმოწერა ჰქონდა Facebook-ზე. ერთ-ერთი ფოტოასლიდან ირკვევა, რომ „ოცნების“ დეპუტატმა კადრები მიიღო, რადგან ერთ-ერთი ქალბატონი მას წერს, რომ მასალა პირად მიმოწერაში გადაუგზავნა.

ოპოზიციას ამტკიცებს, რომ რუსთავის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი არ არის ერთადერთი საჯარო პირი მმართველი პარტიიდან, ვინც ბესელიას კადრებს ითხოვდა ან ტელეფონიდან ტელეფონში აგზავნიდა.

ხვალ 11:00 საათისთვის საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. ზუსტი ინფორმაცია უცნობია, დაესწრება თუ არა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვედრას, თუმცა, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილი სხდომაში მონაწილეობას მიიღებს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.  

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები