19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე 17 პირი დააკავეს, თუმცა დანაშაულის დამკვეთი, ამ დრომდე უცნობია

ადამიანი, რომელმაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ვიდეოპორტალ Youtube-ზე პირველმა ატვირთა, კადრების გავრცელებიდან მეხუთე დღეს დააკავეს. პოლიციას დღეს არ უთქვამს, ვინ არის ბრალდებული, საიდან, ან ვისი დავალებით გაასაჯაროვა მან ეს ვიდეომასალა.

16 ადამიანი კი შს სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების ბრალდებით დილით დააკავა. ერთ-ერთი დაკავებული მომღერალი გიორგი გასვიანია. ის ახლა გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასვიანის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსხვერპლია, რადგან Facebook-დან უცნობი ადამიანის მიერ გადაგზავნილი ვიდეო გახსნა და ნახა.

დაკავებულთა შორის არიან აგვისტოს ომის მონაწილეები, გიორგი კასრაძე და გიორგი ფარცვანია. ოჯახის წევრებს მათი დაპატიმრების შესახებ დღეს გამთენიისას აცნობეს. გიორგი ფარცვანიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჯარისკაცები ინტერნეტშეტევის მსხვერპლები არიან და მათ ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან კავშირი არ აქვთ.

16 დაკავებულს ბრალს ხვალ წაუყენებენ, მათი სასამართლო პროცესები კვირას გაიმართება, მოქმედი კანონმდებლობით დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულთა შორის არიან მასწავლებელი დები ბათუმიდან, ირმა და ინგა ხაროიშვილები, ისინი ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ღამით მათი აქტივისტების უმეტესობას ვიდეომასალა სოციალური ქსელით გაუგზავნეს და დაკავებების სერია რამდენიმე საათში დაიწყო.

ბათუმში დაკავების შემდეგ, ირმა და ინგა ხაროიშვილები ხაშურისა და რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს. მათ ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ პედაგოგებს ვიდეომასალა არ გაუვრცელებიათ, მათ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალური ქსელით მიიღეს და მხოლოდ იმის გამო ისჯებიან, რომ სხვისი შეტყობინება გახსნეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები