19 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
პრობლემები სასამართლო სისტემაში - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ამ წუთებში ოპოზიციას ხვდებიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საკანონმდებლო ინიციატივის დეტალებს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებს ეხება.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა გატარდეს.

ჯანეზაშვილის თქმით, მწვავე და კრიტიკული კითხვები ექნებათ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან, რადგან, როგორც ყოფილ ხელისუფლებას, სასამარტლოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული პასუხისმგებლობა მათაც ეკისრებათ.

„ცვლილებებია საჭირო უშუალოდ მოსამართლეთა კორპუსთან დაკავშირებითაც იმიტომ, რომ გარედან უნდა შევიდეს, რაც შეიძლება, მეტი ახალი კადრი, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში. ამიტომ ვისაუბრებთ ყველა იმ დეტალზე, რაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევამ გამოიწვია, ვისაუბრებთ ასევე სამომავლო რეფორმებზე, რა უნდა გაკეთდეს და აუცილებლად უნდა შევაფასოთ წარსული, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია, რომ ვისაუბროთ დღეს, ვინაიდან ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და მათ იციან ყველაფერი ამ ადამიანების შესახებ და იციან ის მართვის სტილი, რითაც სასამართლო იმართებოდა,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ახალი საქართველოს თავმჯდომარე, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია და ამის გამოსწორება უნდა მოხდეს.

„ის ახალი მოდელი, რომელიც გასულ წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ უკვე შესთავაზა ფართო საზოგადოებას, ეს ითვალისწინებს ყველა იმ შეცდომას და გამოცდილებას, რომელიც საქართველოში და არა მარტო საქართველოში არის, რომელიც არის უკრაინაში, მოლდოვაში და იმ ახალ სტანდარტებს, რომელსაც ევროპა სთავაზობს ჩვენს ქვეყნებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ დღეს მივედით იმ ზღვრამდე, რომელზეც უარესი არ შეიძლება იყოს და უნდა გავასწოროთ სასამართლო სისტემა,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები