მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.
ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა, ეკა ბესელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს პრინციპულ საკითხებზე ისევ განსხვავებული მოსაზრება აქვთ გუნდის წევრებს. ბესელია იმედოვნებს, რომ უზენაეს სასამართლოში გამსამწესებელი მოსამართლეები დიდი სანდოობით ისარგებლებენ.
ბესელია განმარტავს, რომ მთავარი როლი მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტს უნდა ჰქონდეს.
„არსებობს ორი განსხვავებული ხედვა, მე ამ ხედვას, რაც მაქვს მე და რასაც იზიარებს ბევრი ადამიანი, რაზეც ვსაუბრობდი, ეს არის გრძელი სიის წარმოდგენა და პარლამენტმა აიღოს თავის თავზე მთავარი გადაწყვეტილების მიმღების და მთავარი შემრჩევის როლი და რომ პარლამენტი იყოს ის ორგანო, სადაც მოხდება ამ დიდი სიის გაცილებით უფრო მეტი ადამიანის განხილვა, ვიდრე არის ვაკანსია უზენაეს სასამართლოში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომ დავაზღვიოთ პროცესი, რომ იუსტიციის საბჭოს, რომელსაც არ აქვს დღეს სანდოობა, არ იყოს რეალურად ბარიერის შემქმნელი ამ პროცესში და ის იყოს მხოლოდ იმ კონსტიტუციური როლის შემსრულებელი, რაც მას აკისრია," - ამბობს ბესელია.
შვიდსაათიანი კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან დასრულებულია. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მოლაპარაკება იყო მმართველ გუნდში, უკიდურესად გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის და ეკა ბესელიას წინააღმდეგ დაწყებული მორალური ტერორის ფონზე.