19 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"პოლიტიკური მასკარადი" - ჯაფარიძის აზრით, ჩანაწერების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე უნდა გაეთავისუფლებინათ

„ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მასკარადი,“ - ასე შეაფასა გირჩის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამო გამართული სასამართლო პროცესი.

დაკავებულებს შორის არიან გირჩის აქტივისტებიც.

ზურაბ ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდანვე უნდა გაეთავისუფლებინათ და არც გირაო შეეფარდებინათ. მისი თქმით, დაკავებულებს სოციალური ქსელის პირად შეტყობინებებში ვიდეოფაილები გაუგზავნეს, თუმცა, თავად მათ ის არ გაუვრცელებიათ.

„ტრადიციული მასკარადი იყო. ყველა ადამიანი დარბაზიდან გასაშვები იყო. გირაო ვისაც შეუფარდეს, არ მესმის, რისთვის შეუფარდეს. პროკურატურამ, სასამართლომ თქვეს, რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ მესენჯერში მიიღეს რაღაც ვიდეოფაილი, რომელთა ნაწილს ის საერთოდ არ უნახავს და ამ ადამიანებს ციხეში ჩასმას უპირებენ. არანაირი საფუძველი, რომ ეს ადამიანები სასამართლოს დაეტოვებინა ციხეში, არ არსებობდა. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მასკარადი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დაკავებულებს შორის, რომელსაც აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა, მომღერალი გიორგი გასვიანიც არის.

მომღერლის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვიდეოფაილი მესენჯერში მიიღო, თუმცა, ის მას არ გაუვრცელებია.

„ერთადერთი მტკიცებულება, რაც მოცემულ საქმეში არის, არის Facebook-ის მესენჯერში მიღებული ვიდეოფაილი. გახსნა, დაიწყო დათვალიერება, ნახა, რომ ეს კადრბეი მისთვის მიუღებელი იყო. იფიქრა, რომ ეს იყო პორნოსაიტიდან ამონარიდი,“ - განაცხადა ადვოკატმა კახა ხვისტანმა.

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 9 პირიდან ორს საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, 7-ს კი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. დაკავებულები საპატიმროს გირაოს თანხის დაფარვის შემდეგ დატოვებენ, ანტონ ღლონტი და თემურ ირემაძე კი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

„ამ საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ეს ჩანაწერები. რაც შეეხება სულ თავს და თავს, საწყისს, ამასთან დაკავშირებით გეცნობებათ მოგვიანებით,“ - განაცხადა პროკურორმა, თორნიკე მარსაგიშვილმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები