„პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს ამ გავრცელების დირიჟორი, ვინ, რა მიზნით გააკეთა. დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს,“ - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ფარული ჩანაწერების გავრცელების ორგანიზატორი და ასევე უნდა გაირკვეს, თუ რა იყო მისი მიზანი.
დეპუტატმა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ ვიცით, ვინ არის ამ უკანონო ჩანაწერის ავტორი, ვინ განახორციელა უკანონო ჩაწერა. ეს სადაო არ არის. ეს განხორციელდა სააკაშვილის პერიოდში. ახლა საუბარია, ვინ დაგეგმა. ვინ არის დირიჟორი ამ უკანონო კამპანიისა და მორალური ტერორის, რომელიც ვერ აღწევს თავის მიზანს და ვერც მიაღწევს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათგან 9-თვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. დაკავებულებიდან ორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, შვიდი კი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.