ამერიკული სამთავრობო ფონდი, OPIC ფოთის პორტის განვითარებას და თანამედროვე ტერმინალის მშენებლობას 50 მლნ დოლარით დააფინანსებს.
აღნიშნული მშენებლობის შედეგად გაიზრდება პორტის გამტარუნარიანობა და ნავსადგური მაღალი ტევადობის ხომალდების მიღებას შეძლებს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.
„ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, ხოლო ლოგისტიკას ამ ყველაფერში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და რეგიონალურ ეკონომიკასაც. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი,“ - განაცხადა პრემიერმა.
განხორციელებით ამერიკის მთავრობისგან დიდი მხარდაჭერა იკვეთება.
„ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მგონი, ყველა კარგად მოგვეხსენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გაიზარდოს ტვირთმოძრაობის მოცულობები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ 50 მილიონი გამოყოფილი აქვს OPIC-ს, ძალიან დიდია მხარდაჭერა ამერიკის მთავრობის ამ პროექტის მიმართ და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ შეიქმნება ახალი სამუშაო, დამატებითი ადგილები, რასაც მივესალმებით და წინგადადგმული ნაბიჯია ასეთი პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ საქართველოს დიდი ტვირთების გატარების პოტენციალი აქვს და მხოლოდ პორტებით არ უნდა შემოიფარგლოს.
„მგონია, რომ საქართველოში გვაქვს ისეთი პოტენციალი, რომ გავხდეთ ბევრად დიდი სატრანზიტო ტვირთების გამშვები, გამტარებელი ქვეყანა, რომ ჩვენი აზრით, დიდი ალბათობით, ამ პორტისთვისაც და ანაკლიისთვისაც საკმარისი იქნება ტვირთები. მთავარია, გავზარდოთ ჩვენი დერეფნების კონკურენტუნარიანობა, რაც არ არის მარტო პორტებზე დამოკიდებული. ეს არის კომპლექსური ამოცანა, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, რაც მოიცავს პორტებსაც, ჩვენს რკინიგზასაც, ეს მოიცავს ჩვენს საზღვრებსაც და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობასაც,“ - ამბობს ქობულია.