17 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
აქცია ქუთაისში - სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს

ქუთაისში მერიის წინ, სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ აქცია მოაწყო. ისინი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მალე მათი სოფლის მიმდებარედ დასავლეთ საქართველოს ქალაქებიდან ჩამოტანილი ნაგვის დაყრას დაიწყებენ, რაც ჭოგნარის მოსახლეობას სავალალო მდგომარეობაში ჩააგდებს. დაბინძურებული გარემო სოფელში ცხოვრებას გაუსაძლის გახდის. ასევე, მოსახლეობას სოფლის პროდუქტის გაყიდვა გაუჭირდება, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.  

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ადგილას ნაგავსაყრელი მაინც აშენდება, ჭოგნარის მოსახლეობა პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავს.

ნაგავსაყრელის მშენებლობის გეგმას  აკრიტიკებს თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაიაც.

„მინდა მადლობა ვუთხრა ხელისუფლებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. პარლამენტი წაიღო ქუთაისიდან, სამაგიეროდ, შემცვლელად გვიშენებს ნაგავსაყრელს,“ - აღნიშნავს წულაია.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილის მრჩევლის, ხათუნა ჩიკვილაძის თქმით, მოსახლეობის პროტესტი მისთვის გაუგებარია, ვინაიდან ეს იქნება პირველი მოწესრიგებული ნაგავსაყრელი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.

„ადგილის შერჩევა და ნაგავსაყრელის აშენება, რომელიც რეგიონული მასშტაბის არის და მოემსახურება არა მარტო იმერეთის რეგიონს, არამედ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, ქვეყანა გადადის უკვე მოწესრიგებულ ნაგავსაყრელებზე, სადავ ყველანაირი საფრთხე არის არიდებული თავიდან, როგორც გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით, ასევე ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შესაძლო თვალსაზრისით„- აცხადებს ჩიკვილაძე.

დღის ამბები