19 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში შესაძლოა, ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს. სასახლის სამომავლო ბედზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრაზეც იმსჯელეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა კულტურის მუზეუმი განთავსდეს, თუმცა, „ქართული ოცნების“ წევრები და ასევე მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ჯერ არ არის მიღებული.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც გაიმართა და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„ამაზე მსჯელობა იყო უმრავლესობის სხდომაზე, გადაწყვეტილება არ არის მიღებული. იქნება განხილვა ამ საკითხის ირგვლივ და გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი,“ - აცხადებს კახი კალაძე.

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთავარია შენობა მაქსიმალურად უნდა მოემსახუროს საზოგადოებას და სპეციალური კომისიაც სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. 

„სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და ეს სამუშაო ჯგუფი განიხილავს ვარიანტებს, ვერსიებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება ყველაზე უკეთ ამ შენობის გამოყენება. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ეს შენობა მოემსახუროს მაქსიმალურად ჩვენს საზოგადოებას და ზუსტად ამ იდეით იქნება ნაკარნახევი ამ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა. ვფიქრობთ, რომ ფინანსურადაც და სოციალური თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი პროექტის განხორციელება,“ - განაცხადა კობახიძემ.

სასახლესთან დაკავშირებით უმრავლესობის აზრის გათვალისწინებას გეგმავს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი ქობულია.

„მე არ მგონია, რომ ეს ყველაფერი ჩემი აზრით წყდებოდეს, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ალტერნატივას განვიხილავთ და როდესაც იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, მირჩევია, მერე მოგახსენოთ, რომ ზედმეტი ლაპარაკი არ იყოს ამ საკითხზე, სანამ არ არის გადაწყვეტილება,“ - ამბობს მინისტრი.

დღის ამბები