19 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
ნიკა მელია მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე -  ნაციონალური მოძრაობა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხს ითხოვს. ამისთვის კი ოპოზიცია პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, დაბარებას გეგმავს. 

მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებაში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა ნაციონალურმა მოძრაობამ ბიუროზე უკვე დაარეგისტრირა. 

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, განმარტავს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

დეპუტატმა ქართული ოცნების წევრებს მოუწოდა, რომ მაჩალიკაშვილის საქმის კითხვების პასუხის გასაცემად მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას.

ნიკა მელიას განცხადებით, სწორედ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაიბარებენ დეპუტატები სუს-ის უფროსს საკანონმდებლო ორგანოში.

„ყურადღება მინდა, გავამახვილო ბატონ მაჩალიკაშვილზე, ძვირფასო კოლეგებო ქართული ოცნებიდან, თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისაც გიყვართ მუდმივად მორალური კატეგორიებით საუბარი, რომ აი, თქვენ რა მაგრები, დიდსულოვნები ხართ, რა შინაგანი ძალა გაქვთ, რომლითაც იწესრიგებთ საქციელს ყოველთვის და ჩვენ რა ცუდები ვართ. თვეებია, ეს ადამიანი კარავში ცხოვრობს და ერთი წელია, რაც შვილი დაუხვრიტეს საკუთარ სახლში, შეუვარდა სახელმწიფო და დახვრიტა," - ამბობს ნიკა მელია.

დეპუტატმა ქართული ოცნების ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი 19 წლის ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის, მკვლელობის საქმის გამოძიებას ვერ ახერხებენ.

"აქ რა შუაშია ოპოზიცია, რა შუაშია ეს ჯანდაბა ნაციონალური მოძრაობა, თქვენი გადმოსახედიდან და სისხლისმსმელი ნიკა მელია? სახლში რომ მიხვალთ თქვენ, თქვენც ხომ გყავთ შვილები, მეუღლეები, ნათესავები, თქვენ ხომ ჩვენზე უკეთესები ხართ, ადექით და გამოიძიეთ. აიძულეთ გომელაური, ყურით მოვიყვანოთ და ვათქმევინოთ ამ ადამიანს, რატომ დახვრიტა ეს ადამიანი საკუთარ ლოგინში. ჩვენ დავარეგისტრირეთ უკვე ბიუროზე მოთხოვნა დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის თაობაზე მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებაში, ახალი რეგლამენტით სულ რაღაც 50 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, ანუ 20-მა ქართული ოცნების  დეპუტატმა უნდა გაბედოს და უარი არ თქვას, ხელი ასწიოს და თანხმობა განაცხადოს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოეფინოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები