98 მომხრე 4 წინააღმდეგი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით ანრი ოხანაშვილი აირჩიეს.
კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და დეპუტატების გადაწყვეტილებით, კომიტეტს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს.
ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს, როგორც ოპოზიციის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. მის წინააღმდეგ ხმა მისცეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრებმა - ნატო ჩხეიძემ და დავით ჭიჭინაძემ და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ.
კენჭისყრის პროცესს არ დაესწრო დეპუტატი ეკა ბესელია და ასევე, ლევან გოგიჩაიშვილი.
ბესელიამ რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის კომიტეტის თავმჯდომარედ გოგიჩაიშვილის კანდიდატურა იყო მისაღები.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებენ, რომ ანრი ოხანაშვილი კომპეტენტურია ამ თანამდებობისთვის და მის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით კითხვები არ უნდა არსებობდეს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობაში მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით დიდი განხეთქილება დაიწყო და ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა.