ქართველი სასულიერო პირი, მამა დავით დურგლიშვილი, რომელიც საკუთარი მიწის ნაკვეთიდან რუსმა მესაზღვრეებმა გაიტაცეს, 24-საათიანი ტყვეობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს.
მან ცხინვალის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა და პირდაპირ გორში, პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოში გადაიყვანეს. იგი რუსმა ოკუპანტებმა ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს ქართველ სამართალდამცველებს.
სასულიერო პირი, თანასოფლელებთან ერთად, მიწას ამუშავებდა, როცა მათთან რუსი ოკუპანტები მივიდნენ და ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.
ნიკოლოზ ესიაშვილი, რომელიც გატაცებას გადაურჩა, იხსენებს, რომ, მღვდელს დიდხანს ელოდნენ, მას შემდეგ კი, რაც მამა დავითი უკან აღარ დაბრუნდა, სოფელში დაბრუნდნენ და ოჯახს აცნობეს.
მღვდელი დავით დურგლიშვილი ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მოძღვარია. იგი სოფელ ნიქოზის ეკლესიაში ათ წელზე მეტია, მსახურობს. მანამდე კი ღვთისმსახურებას საკუთარ სოფელში - ავნევში ეწეოდა. ავნევის ოკუპაციის შემდეგ, 2008 წლიდან დევნილია და 5 მცირეწლოვან შვილთან, მოხუც დედასა და მეუღლესთან ერთად, გორის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.
კურიერის ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეორედ გაიტაცეს. პირველად 2008 წელს დააკავეს. მაშინ ოკუპანტებმა მოძღვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლეს.
ნიქოზელები ყვებიან, რომ ოკუპანტები ისე გათამამდნენ, ხშირად ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან და ხალხს ისე იტაცებენ.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი