„გამოცდები შეცვალეთ, შინაარსი ამ გამოცდების,“ - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ განათლების მინისტრს.
დეპუტატმა მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი განათლების სისტემაში გატარებული ცვლილებების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ უწყებას ბრძოლა არა რეპეტიტორებისთვის, არამედ სკოლაში არასათანადო განათლების მიღებისთვის უნდა გამოეცხადებინა.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ განათლების სამინისტროს მიერ გატარებული ცვლილებები ცხადყოფს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში სკოლებში „კატასტროფულ ვითარებაა.“
„ანუ თქვენ აღიარებთ იმას, რომ თქვენი გუნდის 6-წლიანი მმართველობის შემდეგ კატასტროფულ ვითარებაა სკოლაში, თქვენივე აღწერაა ეს ვითარების ოღონდ მერე საოცარ დასკვნას აკეთებთ, იწყებთ ჯვაროსნულ ლაშქრობას ე.წ. რეპეტიტორების წინააღმდეგ და ლაპარაკობთ, რომ ეს არის კორუფცია. კორუფცია, ბატონო მიხეილ, იყო, როდესაც ეს რეპეტიტორები ისხდნენ გამოცდებზე, როდესაც უნდა მისულიყავით მათთან, რომ მას შენთვის ნიშანი დაეწერა არა ცოდნაში, არამედ იმიტომ, რომ ფული გადაუხადე. ახლა პრობლემა ის არის, რომ ვისაც საშუალება არ აქვს რეპეტიტორების, ის არის გამოუვალ მდგომარეობაში იმიტომ, რომ სკოლა ვერ აძლევს ამ განათლებას. დამატებითი ცოდნის მიღებაში კი არ არის პრობლემა ვისაც ამის საშუალება აქვს, ეგ ნორმალურია. სამიზნე რეპეტიტორები კი არ უნდა იყვნენ, სამიზნე უნდა იყოს, რომ მათ გარეშე ვერ იღებენ ცოდნას,“ - ამბობს ბოკერია.