სოფელ ხურვალეთში ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ და საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები განაახლეს.
ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკი უკვე დაამონტაჟეს და ასევე ცემენტით მოაპირკეთეს მიწის ის ფართობები, სადაც სავარაუდოდ სათვალთვალო ჯიხურს დაამონტაჟებენ.
„იქიდან გადმოდიან პენსიონერები, ჩვენთან პენსიას იღებენ. მათ გზა, რომ ჩაუკეტონ ამიტომ, მიზანი სხვა არაფერია, რომ არ გადმოვიდნენ აქეთ, ეს არის მაგათი მთავარი მიზანი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა ნუგზარ მუზაშვილმა.
ადგილობრივებისთვის გაუგებარია რა მიზნით აწყობენ ოკუპანტები ასეთ კაპიტალურ საგუშაგოს სოფლის პატარა ჩიხში.
„არ ვიცი რისთვის სჭირდებათ, რას უნდა უთვალთვალონ ამ ტუპიკში იმიტომ, რომ აქ ვართ გლეხობა ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. საქონელს რამდენს გავრეკავთ და გამოვრეკავთ თუ ეს აინტერესებთ მაგ დამპლებს ეგ არ ვიცით. ისეთი ტუპიკია, რომ მანდედან სტრატეგიულს ვერაფერს ვერ დააფიქსირებენ. ეს არის პროვოკაციის მიზნით, მე ასე ვფიქრობ,“ - ამბობს თამაზ მჭედლიძე.