უფლებამოსილება შეჩერებული პროფესორის პირველი განმარტება - თეოლოგი გოჩა ბარნოვი მისი სასულიერო სემინარიიდან გათავისუფლების მიზეზებზე საუბრობს.
გოჩა ბარნოვის თქმით, სამეცნიერო საბჭოს წევრები მას თავისუფალი აზრის გამო დევნიან. თეოლოგი განმარტავს, რომ მისი გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებული პოზიციის გარდა, სტუდენტების საზღვარგარეთ გაშვების გამოც დადგა.
თეოლოგი ამბობს, რომ განსხვავებული აზრის ქონას სასულიერო აკადემიაში, პატრიარქის და ეკლესიის მტრობას მიაწერენ.
„გუშინ ჩაატარეს სხდომა, საიდანაც რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ესწრებოდნენ ამ სხდომას მაცნობეს, რომ შეგიჩერდა ეს სალექციო კურსი სანამ არ შეიცვლი აზრს და არ განმარტავ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მე პოსტიც დავწერე, მე არ ვაპირებ ჩემი პოზიციის შეცვლას უკრაინასთან დაკავშირებით, თუნდაც იგივე ამ სტუდენტებთან დაკავშირებით. რატომღაც ცდილობენ, რომ ხალხს, რომლებიც ევროპაში სწავლობენ ან ხალხს, ან დავუშვათ, ჩვენ რომლებსაც გვაქვს განსხვავებული აზრი, მოგვაკერონ ეკლესიის და პატრიარქის მტრის იარლიყი. ეს არის, კიდევ ვიმეორებ ბოდვა, არანაირი მტრები ჩვენ ეკლესიის არ ვართ.
"შეიძლება ჩემი ტონი სხვას ძალიან მკვახედ მოეჩვენოს, მაგრამ ეს ჩემი სიტყვებია და მე ეს სიტყვები უკან არ მიმაქვს. უბრალოდ ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ეს დამოკიდებულება, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და სტუდენტების უცხოეთში გაშვებისთვის არის ის, რაც დავწერე გუშინდელ პოსტში. არაფერი არ იცვლება აბსოლუტურად და თავისუფალი აზრის გამო შევიწროება არის დევნა და ეს სამწუხაროდ ხდება დღესაც ჩვენთან,“ - ამბობს ბარნოვი.
გოჩა ბარნოვის გათავისუფლება დღეს უარყო სასულიერო პირმა, მამა ბიძინამ. მისი თქმით, სამეცნიერო საბჭოს წევრებმა გუშინ მხოლოდ იმსჯელეს თეოლოგის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე. მისი თქმით, განსხვავებულ პოზიციებთან დაკავშირებით შეხვედრა და მსჯელობა ორშაბათს გაიმართება.