19 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
შემოდის პოლიტიკურ პროცესში - საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მოსამართლე მეთოფიშვილს აკრიტიკებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადება, სადაც ის დეპუტატ ეკა ბესელიას სასამართლო სისტემაზე თავდასხმაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდის წევრთა კრიტიკის მიზეზი გახდა. 

დეპუტატები ამბობენ, რომ მოსამართლე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს და სცდება სამართლებრივ შეფასებებს. 

„მინდა, რომ ჩვენს მეგობრებს იუსტიციის საბჭოში მოვუწოდო, რომ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც არის ძალიან უვნებელი პროცედურა, რომელსაც ელოდება წინ ძალიან სერიოზული გზა შესწავლის და განხილვის, შეფასებების, თავი შევიკაოთ ძალიან ხმამაღალი განცხადებებისგან, რომლებიც სცდება პოლიტიკური სამართლებრივი შეფასების ფარგლებს,“ - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა. 

„ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში უნდა აკეთებდეს განცხადებებს და ამ შემთხვევაში, მეთოფიშვილი კვლავ შემოდის პოლიტიკურ პროცესში. შედეგი, რომელიც ამ განცხადებით შეიძლება მივიღოთ, არის სასამართლო რეპუტაციის დაზიანება, იმიტომ, რომ სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკიდან, მისი განცხადება ძალიან პოლიტიზირებულს ჰგავს და ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის შედეგისთვის სწორი ანუ დამოუკიდებელი ავტორიტეტული სასამართლოსთვის ეს არის დამაზიანებელი,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სერგო მეთოფიშვილის კრიტიკა ეკა ბესელიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ეხება. მეთოფიშვილმა დეპუტატის ინიციატივა „კონსტიტუციაზე თავდასხმად“ შეაფასა. 

დღის ამბები