„თავისუფლება დავით კირკიტაძეს“ - ამ სლოგანით გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად რუსთავში მოსახლეობას შეხვდნენ.
პარტიის ლიდერები მიიჩნევენ, რომ კირკიტაძის დაპატიმრება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
ოპოზიციის ლიდერებმა აქტივისტებთან ერთად ქალაქში ფლაერებიც გაავრცელეს და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
„დღეს დავით კირკიტაძე არის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი. „ქართულმა ოცნებამ“ დათოს არ აპატია ის, რომ ის არის ჩვენი პარტიის გამორჩეული ლიდერი. „ქართულმა ოცნებამ“ დავით კირკიტაძეს არ აპატია ის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში ორივე ტურში დამაჯერებლად დაამარცხა „ქართული ოცნების“ კანდიდატი,“ - ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანებისთვის 17 დეკემბერს გურჯაანში დააკავეს. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 თებერვალს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.