საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა პარლამენტის წინ ახალქალაქში მიხეილ ავაგიანის ძეგლის დადგმა გააპროტესტეს.
შეკრებილებმა ავაგიანის ძეგლის მოხსნა მოითხოვეს. მათი თქმით, ეს ფაქტი რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ავაგიანის ძეგლის დადგმა რუსული პროვოკაციის მორიგი ნიშანია.
„ჩვენ ვაპროტესტებთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სეპარატისტის ძეგლის დადგმას ახალქალაქში. აქციებს ჩავატარებთ მანამ, სანამ არ აიღებენ ამ ძეგლს და თუ საჭირო გახდა, ალბათ, სასამართლოში მივმართავთ, რათა დადგინდეს, რამდენად კონსტიტუციური, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო პირის ძეგლის დადგმა ჩვენს ქვეყანაში,“ - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა შვილმოკლულ მამებს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს, სოლიდარობა გამოუცხადეს.
აქციის დასასრულს კი მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოვლენები ბინძურ პოლიტიკად შეაფასა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ, უნდა ვიცხოვროთ ერთად, მეგობრულად, ძმურად და ყოველთვის უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში. ეს, რაც ხდება, არის სიბინძურე პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ჩვენ ხალხმა უნდა ვიცოდეთ, რომ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში და ერთმანეთს უნდა ვცეთ პატივი,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.