17 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
„როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა, ეს არის სამარცხვინო"-მამალაძის ოჯახი აქცია განაგრძობს

მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან აქციას განაგრძობენ. ერთი კვირაა საპატრიარქოს წინ კარავია გაშლილი. ოჯახი მამა გიორგი მამალაძის ზიარებას ითხოვს. დღეს ბრალდებულის ძმამ თორნიკე მამალაძემ საზოგადოებას მოუწოდა რომ აქციას შეუერთდეს. 

„როდესაც სასულიერო პირის ზიარებისთვის გვიწევს ამ ფორმით მოთხოვნა ეს არის სამარცხვინო და სამწუხარო. სამწუხაროა საქართველოს საპატრიარქოს ქმედება. ჯერ-ჯერობით ვერ მივაღწიეთ ზიარებას რადგანაც ელემენტარული განცხადება გააკეთეს და ეს განცხადება ნიშნავს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას. როდესაც ჩემი ძმა დააპატიმრეს პროკურატურა თხოვდა ჩემ ძმას რომ ეღიარებინა ეს დანაშაული და  დაებრალებინა მეუფე დიმიტრიზე და სოსო ოხანაშვილზე ვითომდა ეს ორი ადამიანი არის დამკვეთი. ამის შემდეგ გამოდის ახლა მეუფე იაკობი და იგივეს ითხოვს. ითხოვს აბსურდულ აღიარებას,“ - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით მას შემდეგ, რაც საპატრიარქოდან რეაგირება ოჯახის მოთხოვნას არ მოჰყვა ისინი უკვე დეკანოზის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ოჯახი გადადის უკვე შემდგომ მოთხოვნაზე. ვინაიდან და რადგანაც საპატრიარქოდან სრული დუმილი ისმის ამ ხნის განმავლობაში. ისინი ითხოვენ დეკანოზის თავისუფლებაზე ყოფნას,“-გაბაცხადა ადვოკატზა გიორგი ფანცულაიამ და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ის განმარტება, რომ სასულიერო პირებმა თავად გადაწყვიტონ აზიარებენ თუ არა დეკანოზს, არის მუქარა.

დღის ამბები