17 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
პოლიეთილენის პარკით სცადა თავის ჩამოხრჩობა-სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის თვითმკვლელობის მცდელობის დეტალებს განმარტავს

N9 დაწესებულებაში სუიციდის მცდელობის შემთხვევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით შოთა შანიძემ პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა.

„გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა. ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ. მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო,”-ნათქვამია განცხადებაში.

მსჯავრდებულის შესახებ რეპორტაჟი "კურიერმა" რამდენიმე დღის წინ მოამზადა, სადაც მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ პატიმარი უარს ამბობდა საკვებზე, წყალსა და მედიკამენტებზე. მან მატროსოვის ციხის ადმინისტრაციას საკნიდან გაატანინა პირადი მოხმარების ნივთებიც. ის, 4 წლის წინ, გეგუთის ციხეში ცემით მოკლული მსჯავრდებულის - გიგა ფარტენაძის საქმეზე გასამართლებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთია, თუმცა პროტესტის რადიკალური ფორმით ამ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ გეგუთის საპატიმროში არავინ უცემია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები