17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ორი თვე ია კერზაიას გარდაცვალებიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - ბაჩანა შენგელია პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრება

ია კერზაიას გარდაცვალებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა პროკურატურა კვლავ დუმს და საქმის აღძვრას არ ჩქარობს. ვინ აგებს პასუხს ია კერზაიას მისამართით განხორციელებულ ტერორზე, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება მისი სიკვდილს ამაზე საგამოძიებო უწყებას პასუხი არ აქვს, ისევე როგორც განათლების მინისტრს. მიხეილ ბატიაშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან შეეცადა თავი გაემართლებინა და მისი გამოსვლის დიდი ნაწილი ია კერზაიას მმართველობის პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბარს დაუთმო.

გამოსვლა მინისტრმა იურიდიულ და მორალურ საკითხებად დაყო და არაერთხელ აღნიშნა, რომ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს და ინსპექტირების ჩატარებას და შემოსულ საჩივარზე რეაგირებას, სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციამ მინისტრი ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით ის  რასაც ბატიაშვილმა მძიმე დარღვევები უწოდა, რეალურად  მარტივად აღმოფხვრადი ხარვეზებია.

ია კერზაიამ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე "რუსთავი 2"-თან ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენ. ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის მხარის არ დაჭერა იყო.

გარდაცვლილის შვილი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ თუ უახლოეს დღეებში გამოძიება არ დაიწყება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

ავტორი: რუსკა გიორგიაძე.

 

დღის ამბები