19 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
სრული მობილიზება ბელგიის ქალაქ ლიეჟში - ადგილზე სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პირები ჩავიდნენ 

ბელგიის პატარა ქალაქ ლიეჟში გასამგზავრებლად, ქართველი ემიგრანტები მთელი კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ. სანდო წყაროს მიერ „რუსთავი 2“-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ლიეჟის სასტუმროებში დარეგისტრირდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბელგიაში საქართველოს მთავრობის დაფინანსებით გაემგზავრნენ. წყაროს ინფორმაციით, მათი ჩასვლის სავარაუდო მიზეზი, ფორუმისთვის ხელის შეშლა იყო.

„კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა კონგრესის დარბაზის სიახლოვეს, სადაც ქართველების შეკრება უნდა გამართულიყო, სამარშრუტო ტაქსი შენიშნა, რომელშიც ქართველები ისხდნენ და ორი დღის განმავლობაში სასტუმროს ყველა სტუმარს ინიშნავდნენ.

ასევე, ქართველ ემიგრანტებს შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოჭიდავეები, რომლებიც კორცხელის ინციდენტში მონაწილეობდნენ, დღეს ლიეჟში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ პროვოკაციის მოწყობისთვის ემზადებოდნენ. „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა მათი ნაწილი ჯერ აეროპორტში, მოგვიანებით კი სასტუმროს ფოიეში შენიშნა.

ლიეჟის კონგრესების დარბაზში ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე მივიდა, „პოსტ ტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა რამიშვილი. მის გამოჩენას ფოიეში შეკრებილი ემიგრანტების გაღიზიანება მოჰყვა, რამიშვილი აცხადებს რომ ბელგიაში არა ქართველთა კონგრესზე, არამედ სხვა მიზნით ჩავიდა.

ხმაური მოჰყვა ლიეჟში ემიგრანტების შეხვედრაზე, ბელგიაში მცხოვრები ბექა გოგოსაშვილის გამოჩენასაც. გოგოსაშვილი გუშინდელი დღიდან სოციალურ ქსელში წერდა, რომ სამართალდამცველებმა ლიეჟში, დათა ახალია და გია უდესიანი დააკავეს. „კურიერთან“ ინტერვიუში გოგოსაშვილმა თქვა, რომ სპეცოპერაციის დროს ბნელოდა და დაკავებულები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს უბრალოდ მიამსგავსა.

შეხვედრა ევროპის დროით ხუთ საათზე დაიწყო. ამ წუთებში კი დარბაზში შეკრებილი ემიგრანტები საქართველოში შექმნილ არასახარბიელო სიტუაციაზე და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის გზებზე მსჯელობენ.

ფორუმზე დასასწრებად ქართველები ამერიკის შეერთებული შტატებიდან კანადიდან ისრაელიდან და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები