ქართველთა კრება ლიეჟის კონგრესის დარბაზში დაძაბულობით დაიწყო. სავარაუდოდ ხელისუფლების გაგზავნილმა პროვოკატორებმა ადგილზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.
შეხვედრის მონაწილე ემიგრანტები ამბობენ, რომ თავდაპირველად მათ ჩხუბის ხმა ესმოდათ შემდეგ კი სუნთქვა გაუჭირდათ. მათივე თქმით, სავარაუდოდ გაზი დარბაზში გარედან შეაგდეს.
„მოხდა ჩხუბი, რაღაც გაურკვევლობა. ჩვენ შიგნით ვიყავით. უკვე სუნთქვა, რომ გაგვიჭირდა გავიგეთ, რომ გაზი გაუშვესო. არაფერი არ დამინახია. ძალიან ბევრი ხალხი იყო,“-განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც. აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას შეეცადა. იყო მცდელობა შეხვედრის ჩაშლის. კონგრესის სასახლეში მივიდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ რეგისტრაციის გავლას, მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.