მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას მხარს "ევროპული საქართველო" უჭერს. პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პროცესის შეჩერება სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ბაქრაძე სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე და ხელისუფლების სურვილზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, არსებული სისტემის შენარჩუნების სურვილი აქვს, რასაც ადასტურებს ის, რომ უვადოდ გამწესების შეჩერებას მხარს არ უჭერს.
"უვადოდ დანიშვნების შეჩერება, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასამართლოში არსებული სისტემის გაჯანსაღების და ის ფაქტი, რომ უმრავლესობა უარს ამბობს ცალსახად ადასტურებს, რომ მათ კლანური მმართველობის შეცვლის არანაირი სურვილი არ გააჩნიათ. დანიშვნების შეჩერება არის მხოლოდ ნაწილი, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობითაც კი, ვადით დანიშნული მურუსიძე ძალიან წარმატებით ახერხებს სისტემის კონტროლს კლანის მეშვეობით.
"აუცილებელია, სისტემის გახსნა, აუცილებელია საჯარო დისკუსია საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ყველას აქტიურობით აუცილებელია სისტემა გაიხსნას,"-აცხადებს დავით ბაქრაძე.
იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის დეპუტატების ინიციატივა, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს და პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე გადავადებას გულისხმობს, კატეგორიულად მიუღებელია. ინიციატივის ავტორი ეკა ბესელიაა, ცვლილებების პროექტს ხელს 9 დეპუტატი აწერს.