19 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
"ოცნებაში" ბესელია-ზარდიაშვილს შორის მორიგ დაპირისპირებას ეხმაურებიან

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის დაწყებულ მორიგ დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებები ამჯერად ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას მოჰყვა, რომელიც პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 5 წლით გადადებას ითვალისწინებს.

აღნიშნული ინიციატივის გამო, ვანო ზარდიაშვილმა ეკა ბესელიას კვალიფიკაცია ეჭქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს არცერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა. ამას კი ბესელიას მხრიდან მწვავე განცხადება მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს. 

„მე ვუზრუნველვყოფ, რომ უმრავლესობის შიგნით პროცესები საქმიან და პატივისცემით გამსჭვალულ გარემოში განვითარდეს. შესაბამისად, ჩემგან ვერ მიიღებთ ისეთ კომენტარს, რომელიც რომელიმე ჩემი თანაგუნდელის ღირსებას, ინტერესებს ან მის დამოკიდებულებებს შეურაცხყოფს,“ - ამბობს თალაკვაძე.

საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის შემდეგ გეგმავს. 

„ახლა იწყება აღნიშნული ინიციატივის განხილვა, ამიტომ, კონკრეტულ დასკვნებს გამოვიტან მას შემდეგ, რაც უკვე განვიხილავთ მას დეტალურად და არსობრივად და გავეცნობით იმ არგუმენტებს, რაც მის ავტორებს გააჩნიათ,“ - ამბობს რატი იონათამიშვილმა.

ეკა ბესელიას ინიციატივას ამ დრომდე არ გასცნობია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოფო კილაძე. ის თანაპარტიელებს საკითხების გუნდურად განხილვისა და მოგვარებისკენ მოუწოდებს.

„ზოგადად, ეს პროცესი უნდა იყოს გუნდში შეთანხმებული და ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ, გუნდთან შეუთანხმებლად ასეთი ტიპის ნაბიჯების გადადგმა, არ ვიცი, ცოტა უცნაური არის, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ერთობლივად ვიმსჯელოთ ამაზე და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ მე შესაძლებლობაც არ მქონდა ამ პროექტს თავად გავცნობოდი,“ - ამბობს სოფო კილაძე. 

დღის ამბები