„შენ მართლა ხომ არ გეშლება რამე, რას იტყუები, თავხედი ხარ მეთქი, გეუბნები,“ - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.
საკრებულოში დეპუტატებს შორის კამათი და დაპირისპირება გენერალურ გეგმაში შესატან ცვლილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც სამგორში, მოსკოვის გამზირზე, 18 ახალი კორპუსი უნდა აშენდეს.
საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან ლევან ხაბეიშვილმა კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მან ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი გენგეგმის დამტკიცებამდე ცდილობენ, დედაქალაქის სამომავლო განვითარება კონკრეტულ ინტერსებს მოარგოს.
„შეიძლება, რომ აცადოთ, გიშლით ვინმე? თუ ეს კომენტარის მიცემა რამე პროცედურაში გაწერილია, რომ ხაბეიშვილს კომენტარის კეთება შეუძლია? კი არ ვნერვიულობთ, უნამუსობას როცა ვხედავთ, ვშფოთდები. ლევან, იტყუები! რას იტყუები, შენ მართლა, ხომ არ გეშლება რამე, რას იტყუები, თავხედი ხარ-მეთქი, გეუბნები, შენ ხარ თავხედი!“ - მიმართა სოხაძემ ხაბეიშვილს.
ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს „ერთი მსახიობის თეატრად“ გადაქცევის მცდელობაში დაადანაშაულა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.
„აქ ზოგიერთ კოლეგას სურს, რომ ერთი მსახიობის თეატრად აქციოს ეს საკრებულო, რაც, რა თქმა უნდა, ასე ვერ იქნება, რომ იცოდე, ლევან. შეგიძლია, სახლში ჩაიკეტო და იქ იმსახიობო, აქ ეგ ამბავი არ გამოვა,“ - ამბობს ბექა დავითულიანი.
ხაბეიშვილი ასევე გააკრიტიკა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.
„ლევან ხაბეიშვილი წარდგენილია, გუშინ გადაწყდა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე, ვირტუალურ მთავრობას რომ აკომპლექტებს, რომ ჰყავთ, იქ. შესაბამისად, ახლა ახალი ამპლუა აქვს. ასე რომ, ირგებს ახლა გამოძიების თემებს და მივცეთ, რომ ცოტა გახალისდეს ადამიანი,“ - ამბობს ზარქუა.