17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
პოლიციელების საქმე - ბავშვს, რომელიც მოწყალებას ითხოვდა, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის საპატრულო პოლიციის თანამშრომელების მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს. ირკვევა, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას რამდენიმე სამართალდამცველი ბავშვს, რომელიც ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, ფიზიკურად გაუსწორდა.

ფაქტის შესახებ დღეს შინაგან საქმეთ სამინისტროში განაცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას, განცხადებით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

ამასთან, შსს-ს გენერალური ინსპექციის გარდა, საქმეს პროკურატურაც იძიებს.

„2018 წლის 11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. აღნიშნულის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოძიების დაწყებისა და დანაშაულის შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამის პარალელურად, შესაბამისი პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან,“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ. 

ამ ეტაპზე უწყება არ ახმაურებს, თუ რამდენი სამართალდამცავის მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და ასევე, რამდენი ბავშვია დაზარალებულად ცნობილი.

დღის ამბები