ქუთაისის მერიასთან ჭოგნარის მცხოვრებლებმა მორიგი აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - ხელისუფლებამ უარი თქვას მათი სოფლის სიახლოვეს ნაგავსაყრელის მოწყობაზე.
ნაგავსაყრელზე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოგროვებული მყარი ნარჩენები უნდა განთავსდეს.
საპროტესტო აქციას პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია, შეუერთდა.
„იმედი მქონდა, რომ ჩვენი უგუნური ადგილობრივი ხელისუფლება მიხვდებოდა და ამ ხალხთან მივიდოდა და დაელაპარაკებოდა, მაგრამ ნული ყურადღება. სამხარეო შენობასთან ესაა გამაფრთხილებელი. ვერავინ შევა და გამოვა. კვირას უკვე იმ ადგილას გავმართავთ აქციას, სადაც ამ სისულელეს აპირებენ, უფრო გავამწარებთ და ახლავე ვაცხადებ, პატრულო, იცოდეთ, ცენტრალური გზის დაკეტვას ვაპირებთ,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.