როგორც კი გვექნება ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები, რა თქმა უნდა იმედი მაქვს სამუშაო ჯგუფის პირობებში შევძლებთ ამ მოსაზრებებზე საუბარს - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეკა ბესელიას ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლით გადავადებას ეხება.
მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა სამინისტრომ უკვე გამოითხოვა და ის დეტალებს ეცნობა. თეა წულუკიანის შეფასებით, მოსამართლეების თემის განხილვა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა მოხდეს.
„ამ კანონპროექტს ახლა ვსწავლობთ იუსტიციის სამინისტროში, რადგან გამოვითხოვეთ და გადმოგვეგზავნა და როგორც კი გვექნება ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები, რა თქმა უნდა იმედი მაქვს სამუშაო ჯგუფის პირობებში შევძლებთ ამ მოსაზრებებზე საუბარს, რადგან როგორც გუშინაც განვაცხადე, ძალიან ძნელია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საკითხი განიხილებოდეს მხოლოდ და მხოლოდ და ექსკლუზიურად პოლიტიკურ ჭრილში. ეს არ არის ჯანსაღი და არა მხოლოდ სასამართლოსთვის არის ცუდი, არამედ ჩვენივე პოლიტიკური გუნდისთვის და არასამთავრობო სექტორისთვის,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.