19 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ასრულებს თუ არა საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგს - არასამთავრობო სექტორმა ახალი ანგარიში წარმოადგინა

როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის მიერ განსაზღვრული დღის წესრიგის ამოცანებს - ახალი ანგარიში, რომელიც 2017-2020 წლებს მოიცავს, არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა.

ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად საერთო პროგრესი არათანაბარია. ყველა სფეროსთვის დამახასიათებელია მხოლოდ ფორმალური ხასიათის ცვლილებები, რაც პრაქტიკაში ვერ ხორციელდება.

ანგარიშში განსაკუთრებით მწვავეა იუსტიციის საბჭოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასება და აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.

„ძირითადი რეფორმები, რომლებიც დაგეგმილი იყო ამ სფეროში სამწუხაროდ მხოლოდ ფორმალურად შესრულდა და რეალური ცვლილებები ამას არ გამოუწვევია. ეს ეხება როგორც სასამართლოში დაგეგმილ რეფორმებს, ასევე პროკურატურის რეფორმას, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი შეფასებით არ განხორციელებულა, ის მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს და ახალმა კანონმა პროკურატურის შესახებ რეალობა ვერ შეცვალა, ის ვერ გახდა პოლიტიკურად ნეიტრალური," - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ნონა ქურდოვანიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერის თქმით, საკითხავია რამდენად საკმარისია 2018 წელს გაწეული სამუშაო იმ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ამ სფეროში ასოცირების დღის წესრიგი ადგენს.

„უნდა ვიკითხოთ რამდენად საკმარისია ეს 2018 წელს გაწეული სამუშაო იმ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ამ სფეროში ადგენს ასოცირების დღის წესრიგი. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის, მათ შორის მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური სისტემის შექმნა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დამოუკიდებელი პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნა. სამწუხაროდ გასული წლის განმავლობაში იყო არაერთი შემთხვევა, არაერთი მოვლენა, რომელიც კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით აქვს თუ არა საქართველოს ხელისუფლებას დღეს პოლიტიკური ნება, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ ორი მთავარი მიზნის მისაღწევად,“ - განაცხადა ერეკლე ურუშაძემ.

დღის ამბები