ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შემადგენლობაში, როგორც ცნობილი ხდება, პრეზიდენტი არ მოიაზრება. საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარადგენენ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, მასში პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებები მკაფიოდ არის განაწილებული.
"ეროვნული უშიშროების საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო იმისთვის, რომ მთავრობის დონეზე მოხდეს უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია. ეს არის პრემიერის სათათბირო ორგანო, სადაც შესაბამის უწყებებს საშუალება ექნებათ, რომ მეტი კოორდინაციით, ნაკლები რესურსის დანახარჯით მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების გაზრდა და მოემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას. ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ეს არის პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანო, აქ პრეზიდენტი ვერ იქნება. აქ ძალიან მკაფიოდ არის განაწილებული უფლებამოსილებები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დეპუტატები განმარტავენ, რომ ახალი კონსტიტუცია მოითხოვდა, რომ უსაფრთხოების საბჭო შექმნილიყო. მმართველი გუნდის წევრი კობა ნარჩემაშვილი ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კონსტიტუციასთან თავსებადია, თუმცა გარკვეული საკითხები დასახვეწია.
„ვინაიდან ჩვენ სრულად გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, დადგა აუცილებლობა, ახალი ტიპის ეროვნული უსაფრთხოების ერთგვარი მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნისა. ამ აუცილებლობითაა განპირობებული ამ კანონპროექტის შემოთავაზება. ის თავსებადია ახალი კონსტიტუციასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, კიდევ რაღაც პროცესები იყოს ისეთი, რაც დახვეწას მოითხოვს,“- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდეგ ხელისუფლება ახალი უწყების დაკომპლექტებას იწყებს. ეროვნული უსაფრთოხების საბჭო უშიშროების და კრიზისების საბჭოს გააერთიანებს და ის პრემიერის დაქვემდებარებაში იქნება. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალ უწყებას, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურის მუშაობაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს. ის სხდომებს მხოლოდ პრემიერის მიწვევის შემთხვევაში დაესწრება.