„დეზინფორმაციაა და ე.წ. "ფეიქ ნიუსია" თავიდან ბოლომდე,“ - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ქართველი ემიგრანტების შეხვედრის დროს, სუს-ის თანამშრომლების შესაძლო ყოფნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
გავრცელებული ცნობით, ემიგრანტებისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეხვედრის დროს, ლიეჟში იმყოფებოდნენ საქართველოს სუს-ის თანამშრომლები.
„დეზინფორმაციაა და ე.წ. "ფეიქ ნიუსია" თავიდან ბოლომდე. რეალობასთან ამას კავშირი არ აქვს. ამაზე სერიოზული კომენტარიც კი ძალიან მიჭირს, სიმართლე გითხრათ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოძრაობა „ერთად სახლში“ გეგმავს, ბელგიელ სამართალდამცველებს მიმართოს და სთხოვოს, გამოიძიოს ბელგიის ტერიტორიაზე საქართველოს სუს-ის წარმომადგენელების შესაძლო ყოფნა.
როგორც მოძრაობა „ერთად სახლშის“ წარმომადგენლები აცხადებენ, მათ ხელთ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ ლიეჟში ვითარების პროვოცირებას და ადამიანებზე უკანონო თვალთვალს სუს-ის აგენტები ახორციელებდნენ.
სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების თანამშრომლების მივლინება და არასანქცირებული სპეცოპერაციის ჩატარება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა.