„შემიძლია, საკუთარი ისტორიიდან თავგანწირვის მაგალითებიც კი მოვუთხრო ყველას,“- ასე უპასუხა ეკა ბესელიამ პრემიერის განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თემაზე საპარლამენტო უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებაზე.
მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია და ის მომავალშიც არ გამოირიცხება.
ბესელია აღნიშნავს, რომ ის გუნდურობის პრინციპებს იცავს და როდესაც ამ პრინციპის დარღვევაზე საუბრობენ, ის ადრესატად საკუთარ თავს არ მოიაზრებს.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ასევე მოუწოდებს პარტიის ხელმძღვანელობას, რეაგირება მოახდინონ ვანო ზარდიაშვილის განცხადებაზე, რომლითაც მან ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას ანტიკონსტიტუციური უწოდა.
„მე ადრესატად არასდროს არ მივიჩნევ საკუთარ თავს, როდესაც ამ თემაზე საუბრობენ. იმიტომ, რომ შემიძლია, გუნდურობის მაგალითები, მათ შორის კლასიკური მაგალითები და ზოგჯერ თავგანწირვის მაგალითებიც კი, რომელიც ცოტა უჩვეულოა პოლიტიკისთვის, ასეთი მაგალითები საკუთარი ისტორიიდან მოვუთხრო ყველას. ამიტომ არ ვღებულობ ამას საკუთრივ მე. რაც შეეხება იმ ცნობილ ძალიან უნიჭო და სამარცხვინო კომენტარს, რაც გაკეთდა კლასებთან დაკავშირებით და იყო შეურაცხმყოფელი კოლეგების მიმართ, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესოა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.