19 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ხელისუფლების პრობლემაა ნულოვანი ხედვა როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან - დეპუტატების მწვავე კითხვები და კრიტიკა ეკონომიკის მინისტრს 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას უსმენენ.  გიორგი ქობულია კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარდგა. ამ წუთებში დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს, უკვე კითხვებით მიმართავენ.  ოპოზიციას მწვავე შეკითხვები „გაზპრომთან“ დაკავშირებით აქვთ. რუსეთის ენერგოკომპანიასთან დადებულ ხელშეკრულებას გასული წლის 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა, ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მთავარი შეკითხვაა თუ რატომ არ ფორმდება ხელშეკრულება „გაზპრომთან.“ ოპოზიციის თქმით, საზოგადოებამ არც ის იცის, ხელისუფლება „გაზპრომთან“ საერთოდ აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებას.

ოპონენტების აზრით, ხელისუფლებას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ხედვა არ აქვს.

„გაზპრომი“ არის ცალკე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და უნდა მივიღოთ პასუხები, რა ხდება დღეს. კონტრაქტი არ არსებობს დღეს, როგორც ვიცით. რატომ იქნა ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება მიღებული წინა წელს. პოზიცია დააფიქსიროს და მომავალში რა გველის. საერთო ჯამში მთავარი კითხვაც და პრობლემაც ამ ხელისუფლების, ივანიშვილის გუნდის და ამ ეკონომიკის მინისტრის, არის ნულოვანი ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ კრიზისიდან,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ.

კანონმდებლების კითხვები საბანკო რეგულაციებსაც ეხება. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით,  დარგობრივი მიმართულებით ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

„ყოველი თვე პარლამენტში მთავრდება ახალ-ახალი რეგულაციის შემოღებით და ახალი ბიუროკრატიული უწყების შექმნით. დარგობრივი მიმართულებით ქვეყანაში საერთოდ მოშლილია ყველაფერი. არის განუკითხაობა. რკინიგზა გაკოტრებულია, გაზის სექტორში უზარმაზარი რესურსები იფლანგება და ამ სფეროში სერიოზული კორუფციაა,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და რუსულ ენერგო გიგანტ, "გაზპრომთან" გასაფორმებელი ხელშეკრულება - ეს არის ის საკითხები, რომელზეც კითხვებს მმართველი გუნდის წევრი მირიან წიკლაური წიკლაური დასვამს.

„ეკონომიკის ინკლუზიურობასთან დაკავშირებული თემები უნდა იყოს წინ წამოწეული. უფრო მეტად უქონელი ფენების ეკონომიკურ აქტივობაში არის, ალბათ, ძალიან საინტერესო. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო მეტად განვითარება,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, მირიან წიკლაურმა.

 

დღის ამბები