უშიშროების საბჭოს გაუქმების შემდეგ ხელისუფლება ახალი უწყების დაკომპლექტებას იწყებს. პრემიერის დაქვემდებარებაში მოქცეული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში საქართველოს პრეზიდენტისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს ახალ უწყებას, თუმცა დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურის მუშაობაში პრეზიდენტი მონაწილეობას არ მიიღებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათთვის გასაგებია, რომ უსაფრთხოების ახალ საბჭოში წევრი ვერ იქნება. თუმცა ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ვინაიდან პრეზიდენტი არის მთავარსარდალი, მან უნდა შეძლოს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლების განხორციელება.
პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, უნდა მოიძებნოს კანონიერი გზა, რომლითაც პრეზიდენტი ამ ფორმატში მონაწილეობას შეძლებს.
„ვერ ვიტყოდი, რომ აქ განსხვავებული პოზიციაა, რა თქმა უნდა პრეზიდენტი ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უნდა გამოიძებნოს მისი მონაწილეობის ფორმატი. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს კონსულტაციები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რა და როგორ იქნება, ამაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ შეიძლება,“- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებამდე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა, მასში პრეზიდენტი ვერ იქნება ჩართული.
ოპოზიციის წევრები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ. საპარლამენტო უმცირესობისთვის საინტერესოა, საბჭოს მუშაობაში რატომ არ იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი.