19 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
4 საათიანი შეხვედრა და მინისტრის დადებული პირობა - გიორგი ქობულია "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს ნდობის ჯგუფში განიხილავს

დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე ნახევარი საათის დაგვიანებით მისულ ეკონომიკის მინისტრს დეპუტატები მწვავე შეკითხვებითა და კრიტიკული განცხადებებით დახვდნენ. მთავარი საკითხი, რაზეც გიორგი ქობულიას მოუწია განმარტებების გაკეთება რუსულ ენერგო გიგანტთან გასაფორმებელი ხელშეკრულებაა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მინისტრს მოსთხოვეს, რომ ახალი ხელშკრულება, რომელიც გაზპრომთან გაფორმდება არ იყოს გასაიდუმლოებული.

რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ხელშეკრულების შინაარსი ცნობილია და ყველამ იცის, რომ საქართველო ახალი ხელშეკრულებით ტრანზიტისთვის მიღებულ 30 მილიონ დოლარს კარგავს.

"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, გიორგი კანდელაკი მინისტრისგან ითხოვს, რომ ახალი ხელშეკრულების დეტალები დახურულ ფორმატში განიხილოს, რაზეც მან პირობა მიიღო, რომ გიორგი ქობულია, ახალი ხელშეკრულების პირობებს ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილავს.  

პრობლემატური საკითხების ჩამონათვალში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შემცირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და საპენსიო რეფორმაა, რომლის შეჩერებასაც ოპოზიცია მოითხოვს.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ოთარ კახიძის კითხვა სწორედ დაგროვებით პენსიას ეხებოდა, მისი თქმით, პროექტის მიზანი, რომ მოქალაქეებს ღირსეული სიბერე ჰქონდეს მხოლოდ პოპულისტური ლოზუნგია.

„500 ლარი ვისაც აქვს ხელფასი მასწავლებელს მაგალითად, ქალბატონს,  განსხვავებაა საპენსიო ასაკში ამიტომ ქალბატონი შეგნებულად მოვიყვანე, ის მიიღებს 500 ლარიანი ხელფასის პირობებში საპენსიო ასაკში 80 ლარს, აი ღირსეული პენსიით რომ უნდა უზრუნველყოთ ეს არის თქვენი სქემა?,“- მიმართა კახიძემ ეკონომიკის მინისტრს.

რაზეც ქობულიამ უპასუხა,რომ კახიძე საკითხით უტრირებს და ამ პროექტის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება უაზრობაა.

„ეს რეფორმა არის იმისთვის, რომ ხალხმა ღირსეულად და უკეთესად იცხოვროს, ამის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მე მგონი უაზრობაა, მესმის ოპოზიცია ხართ და უნდა თქვათ, რაღაცა მაგრამ არასწორი თემა გაქვთ არჩეული,“-უპასუხა ოთარ კახიძეს მინისტრმა ქობულიამ.

დღის ამბები