სასულიერო სემინარიის საბჭო თეოლოგ გოჩა ბარნოვის ბედს დღეს გადაწყვეტს. საბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვევა გაათავისუფლებენ თუ არა პროფესორ გოჩა ბარნოვს სასულიერო აკადემიიდან და შეუჩერებენ თუ არა თეოლოგს სალექციო კურსს.
თეოლოგის უფლებამოსილება დროებით, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეუჩერეს. სემინარიისთვის და საპატრიარქოსთვის უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე პროფესორის პოზიცია გახდა მიუღებელი. თუმცა, თავად გოჩა ბარნოვი აცხადებდა, რომ კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მას უფლებამოსილება შეუჩერეს, სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნაა.
"მე გავცემ პასუხს მატ კითხვებს, რასაც ისინი არასწორად იგებენ. მეტი არაფერი, მე დავაფიქსირებ მკვეთრად და დაფიქსირებულიც მაქვს განცხადებაში, რომ მე ვრჩები ჩემს თეოლოგიურ და კანონიკურ შეხედულებებზე.
აქ საუბარია, უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე და ამას არ ვცვლი. ცდილობენ სხვანაირად გაიგონ, რომ ნახონ მიზეზი გამიშვან სასწავლებლიდან. ეს მათი გადასაწყვეტია, ვერ ჩავერევი მათ გადაწყვეტილებაში,"-აცხადებს გოჩა ბარნოვი.