საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა.
მმართველი გუნდის წევრების შეფასებით, კანონპროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმეს გუნდიდან წასვლა უნდა და ამას აპირებს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება და ეს გუნდს პრობლემას ვერ შეუქმნის.
„მსჯელობის პროცესში არც მსაჯული არავინ უნდა იყოს და არც არვინ არ უნდა ცდილობდეს, რომ რაღაც დამატებითი სარკასტული განცხადებებით შეაწუხოს საზოგადოება. თუკი აზრთა სხვადასხვაობა უკვე გადავა იმ სტადიაში, როდესაც შეუთავსებელი იქნება ადამიანთა ერთად ყოფნა, არც იმაში არ არის დიდი ტრაგედია, რომ გარკვეული ჯგუფი გამოეყოს იმ ხალხს, ვინც სხვანაირად ფიქრობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკითხის არსია თვითონ საინტერესო, მნიშვნელოვანი. თუკი ეს შედეგს მოიტანს იმისას, რომ ადამიანები ერთად ვერ იქნებიან გარკვეულ ფორმატში, ესეც არ არის დიდი ტრაგედია და ჩვეულებრივი ამბავია, პოლიტიკაა და ცხოვრება პოლიტიკური, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, რაღაც ასეთ მოულოდნელობებსაც გვთავაზობს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ეკა ბესელია კი ამბობს, რომ კანონპროექტის შემჭიდროვებულ ვადებში განხილვა აუცილებელია, რის გამოც დეპუტატმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.