2 მილიონნახევარ ლარად შეძენილი ჩინური ფეხსაცმელი თავდაცვის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. თინა ხიდაშელსა და ლევან იზორიას შორის ღია კონფლიქტი ჯარისკაცების სამხედრო ფეხსაცმლის შესყიდვის ტენდერის გამო დაიწყო.
დღეს „ფლანგვის დეტექტორმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც დგინდება, რომ 2016 წელს სამხედრო ფეხსაცმელი სამინისტრომ კომპანია „ნიუ ატლასისგან“ 2 მილიონ ნახევარ ლარად შეიძინა, თუმცა ფეხსაცმელი რომელიც ჯარისკაცებს გადასცეს პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ წარმოდგენილი ნიმუში მაინც მოიწონა.
ხიდაშელი ამტკიცებს, რომ 2016 წლის ივლისში ჯარისკაცების ფეხსაცმლის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი მან ჩაშალა და მონაწილეებს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. თუმცა ხელშეკრულება ლევან იზორიას გუნდა გააფორმა და ჯარისკაცებისთვის ჩინური წარმოების ფეხსაცმელი ორ მილიონ-ნახევრად შეიძინა.
კვლევიდან ირკვევა, რომ იგივე კომპანია უნიფორმებითა და ფეხსაცმელებით ამარაგებდა სხვა ძალოვან უწყებებსაც. ჯამში, წელიწადნახევრის განმავლობაში, კომპანიის ბალანსზე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი გადაირიცხა.
„ნიუ ატლას სტრატეჯი კო“ ამავე სახელწოდების ოფშერულ ზონაში რეგისტრირებული ტაილანდური კომპანიის ფილიალია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. თუმცა, კომპანიის რეალური წარმომადგენელი, რომელიც ჯარისკაცების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს აცმევს, არავინ იცის.
ბრალდებებს უარყოფენ კომპანია „ნიუ ატლას სტრატეჯი კოს“ ფილიალში. კომპანიის დირექტორი, გოგიტა ჯალიაშვილი გეგმავს, რომ „ფლანგვის დეტექტორს“ სასამართლოში უჩივლოს.
ძალოვან უწყებების თანამშრომლებისთვის უნიფორმები რომ ხელმისაწვდომი არ არის, ამაზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც გამოქვეყნდა.